მიხეილ აშვეთია - „ტორპედოში“ ექვსი ლეგიონერი ჩამოვიდა, ერთს ველოდებით
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდის საკადრო საკითხებზე საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ უცხოეთიდან მოწვეული მოთამაშეების უმრავლესობა გუნდს შეუერთდა.
„მზადება დავიწყეთ და გუნდში დარჩენილ მოთამაშეებს „ტორპედო 2“-ის ფეხბურთელები დაემატნენ. დღეს უკვე ექვსი ლეგიონერი შემოგვიერთდა, ერთსაც მალე დავიმატებთ. „ტორპედო“ ახალწვეულებზე ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესობასთან კონტრაქტები უკვე გაფორმდა“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.
მან პრობლემაზეც ილაპარაკა:
„მზადების დაგვიანებით დაწყების გამო გუნდის სათანადოდ დაკომპლექტება რამდენად მოხერხდება, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭრდება. თუმცა, მოსამზადებლად ნამდვილად მცირე დრო გვქონდა. შევეცდებით, რომ ეროვნული ლიგის პირველი მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ. გუნდის შევსების პროცესი კიდევ გრძელდება და ზემოთ ნახსენებ ლეგიონერთან ერთად, სხვა ფეხბურთელებსაც ველოდებით“.
ქუთაისის „ტორპედო“ წინასასეზონო მზადებისას მეორე ამხანაგურ მატჩში 13 თებერვალს მარტვილის „მერანს” დაუპირისპირდება, სეზონს კი 27 თებერვალს ბათუმის „დინამოსთან“ ქუთაისში გახსნის.