ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიას განცხადებით, გუნდს ლეგიონერები და ახალწვეულები მალე შეუერთდებიან.
„მალე შემოგვემატებიან ახალი ფეხბურთელები და ლეგიონერები. აქამდე გუნდის მხრიდან სიჩუმე იყო. ეს არეული ვითარებიდან გამომდინარეობდა, მდგომარეობა კი ნელ-ნელა ლაგდება. კორონავირუსის გამო მოთამაშეების ნაწილმა ჩამოფრენა დააგვიანა. ორ-სამ დღეში „ტორპედო“ ახალწვეულებზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.
ქუთაისის „ტორპედო“ წინასასეზონო მზადებისას მეორე ამხანაგურ მატჩში 13 თებერვალს მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება – შეხვედრა ნიკეაზე, ახლად აშენებულ სარაგბო კომპლექსზე გაიმართება. აშვეთიას თქმით, მოსამზადებელ ეტაპზე სირთულეებს წააწყდნენ: „ამხანაგური მატჩი 20 თებერვალსაც დავგეგმეთ, მეტოქის ვინაობა კი გაურკვეველია, რადგან გუნდების უმრავლესობა თურქეთში ემზადება. ჩვენ კი შედარებით ძლიერ გუნდთან თამაში გვსურს – ეროვნული ლიგის წარმომადგენელთან. გუნდების უმრავლეოსბა კი თურქეთშია, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ, „სამტრედია“ და „თელავი“ ვართ დარჩენილები და სპარინგის მოძებნა ძალიან გვიჭირს“.