მიხეილ აშვეთია - შესაძლოა, „ტორპედოს“ სერიოზული სანქციები დააკისრონ
მიხეილ აშვეთია - შესაძლოა, „ტორპედოს“ სერიოზული სანქციები დააკისრონ

„ყველამ იცის, რომ სახარბიელო ვითარება არ გვაქვს“, – ამის შესახებ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ განაცხადა. მან გუნდში არსებულ ვითარებაზე ღიად ისაუბრა:

„თვეების განმავლობაში ფეხბურთელებს ხელფასის 50%-ს ურიცხავდნენ, გასულ თვეს – 70-ს. ახლაც გაურკვევლობაში ვართ. ფეხბურთელებს ხელი უნდა მოეწერათ საბუთზე, რომ აღიარებენ 50%-ზე თანხმობას – ბობკომ და მარკოვიჩმა არ მოაწერეს, ორივემ ფიფა-ში იჩივლა, მოსულია წერილიც და ვნახოთ, ფიფა რას გადაწყვეტს“, – ამბობს მიხეილ აშვეთია. მისი თქმით, ამის გამო კლუბი ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ დატოვა:

„ორი კვირის წინ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ლაშა კასრაძემ დაგვტოვა. კასრაძე და ბობკო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები იყვნენ და ორივე დამაკლდება, მაგრამ რა ვქნათ, რამენაირად შევსებას უნდა ვეცადოთ“.

მან ქუთაისის „ტორპედოს“ გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ილაპარაკა: „ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს. როგორც გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში მოგვარდება. პარალელურად, ყოფილი ფეხბურთელები საჩივრებს წერენ ძველ დავალიანებაზე და ამით კლუბს პრობლემები ემატება. შესაძლოა, ფიფა-მ და უეფა-მ სერიოზული სანქციები დაგვაკისროს და ვითარება კიდევ უფრო გართულდეს. როგორც მეუბნებიან, ოქტომბრის დასაწყისში ყველა დავალიანება გასტუმრებული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში „ტორპედო“ ლიცენზირებას ვერ გაივლის და შემდეგ სეზონში ჩემპიონატში ვერ ითამაშებს“.

აშვეთიამ ყურადღება მოთამაშეთა პრობლემაზეც გაამახვილა: „ საქართველოს თასზე ქედის „ბეთლემთან“ მატჩამდეც ფეხბურთელების კარგი განწყობა არ ჰქონდათ, რადგან ყველას პრობლემა შეექმნა. მინდა თითოეულს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან „ტორპედოს“ სახელს ღირსეულად იცავენ და მისთვის ყველაფერს აკეთებენ – გადიან მოედანზე და ბოლომდე იბრძვიან. დანარჩენზე იმედია ხელმძღვანელობა უპასუხებთ. მე გუნდი სავარჯიშოდ უნდა გავიყვანო და შემდეგ შედეგზეც პასუხისმგებელი მე ვარ, დანარჩენი სხვისი მოსაგვარებელია. მე ხელფასებს ვერ გავცემ“.