მიხეილ აშვეთია - „სამგურალმა“ ისეთი თამაშები ვერ მოიგო, კომენტარსაც არ ვაკეთებდი, ყველანი ვნერვიულობდით #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მოგებული მატჩის („თელავთან“ 2:1) შემდეგ წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. „თელავი“ საკმაოდ კარგი და ამბიციური გუნდია, რომლის დამარცხება იოლი არავისთვისაა. ეს მოგება ჩვენთვის როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომდევნო შეხვედრებს გაცილებით კარგ განწყობაზე შევხვდებით, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამდენი ხანი კომენტარსაც არ ვაკეთებდი. ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, ბუნებრივია, ყველანი ვნერვიულობდით, მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, ჩვენი გულშემატკივრებიც. საბედნიეროდ, რთული პერიოდი გადავლახეთ და სეზონში პირველი თამაში მოვიგეთ.
მადლობა, მინდა, გადავუხადო გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. ასეთი ქომაგობით უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ და ის მიზანი, რაც გუნდს აქვს დასახული, შესრულდება. დღევანდელი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ბრძოლა და გამარჯვებისკენ სწრაფვა იყო, რაც წინა თამაშებშიც არ გვაკლდა, მაგრამ ამჯერად შედეგიც მივიღეთ.
მომდევნო თამაში სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ გვაქვს. იმერული დერბია და როგორც ასეთ შეხვედრებს ახასიათებს, საინტერესო და დაძაბული იქნება. შეხვედრა კარგ გარემოში და კარგ მოედანზე ჩატარდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ ყველა თამაშისთვის ერთნაირი მონდომებით ვემზადებით. საქართველოს ჩემპიონატში იოლად ვერავის მოუგებ, განსაკუთრებით, „ტორპედოს“. ამიტომ ამ მატჩისთვის მზადებას დღეიდან ვიწყებთ“, – განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.