მიხეილ აშვეთია - პრეზიდენტმა ყველა დანაპირები შეასრულა და დავალიანებები გაისტუმრა
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ სეზონის განახლებასა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.
„როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ. კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის პრეზიდენტზეც ილაპარაკა: „კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. იმედეს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში. კარანტინის პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა, ჩვენის მხრივ კი ვეცდებით იმედები გავუმართლოთ“.
მიხეილ აშვეთიამ გულშემატკივრებზეც ისაუბრა: „მათ გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა გულშემატკივარები მათ გვერდით არიან და უფრო მეტად მოინდომებენ“.