მიხეილ აშვეთია - ევროტურნირებისთვის ბრძოლას თასიდანაც შევეცდებით #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ ჩემპიონატის განვლილ ეტაპსა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ზაფხულის შესვენებაზე სატრანსფერო სიახლეები დაანონსა.
„პირველ წრეში სტაბილურობა დაგვაკლდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდი ჩემპიონატს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა – გასული სეზონის შემდეგ „სამგურალი“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, აქედან გამომდინარე, შეთამაშების პრობლემაც გვქონდა. გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ – რამდენიმე პოზიციაზე შესაბამისად ვერ გავძლიერდით.
ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში გვქონდა, რაც გიორგი ფანცულაიას მოსვლით გამოსწორდა. გუნდმა შედეგიანი თამაში დაიწყო და საგოლე მომენტების რეალიზება თითქმის 50%-მდე ავიდა. ფეხბურთში რაც არ უნდა ტაქტიკური მონახაზები ცვალო, მთავარი გოლის გატანაა. საწყის ტურებში ვისზეც ვაკეთებდით აქცენტს, ფაქტია, გუნდს ვერ შეეწყო.
„სამგურალი“ ამბიციური კლუბია და ევროტურნირზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, სამეულში მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. მიზნის მიღწევას თასის გათამაშებიდანაც შევეცდებით.
„სამგურალი“ მეორე წრისთვის წყალტუბოში მოემზადება, სადაც იდეალური სავარჯიშო პირობები გვაქვს. წინა წლებისგან განსხვავებით, სავარჯიშო მოედნის პრობლემა აღარ გვაწუხებს. წყალტუბოს ახალ საფეხბურთო ცენტრში ვვარჯიშობთ, ცენტრალური სტადიონიც კარგ მდგომარეობაშია. გუნდი 14 ივნისს წყალტუბოში დაიწყებს ვარჯიშს და სეზონის განახლებამდე ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ამ ეტაპზე რაც ვიცით, ერთი მეტოქე ფოთის „კოლხეთი“ იქნება, სხვა მეტოქეებიც მალე გაირკვევა.
გუნდის გაძლიერებას რაც შეეხება, შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ახლა 12-დღიანი შესვენება გვაქვს. ვისაუბრებთ კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამომავლო გეგმებს დავსახავთ“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.
ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ ჩემპიონატში ორთვიანი შესვენება გამოცხადდა. წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე წრის ბოლო შეხვედრაში სტუმრად „იბერია“ 2:1 დაამარცხა და 18 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზეა.