26 ნოემბერს, თბილისის „დინამო-არენაზე“ საჩემპიონო მატჩი გაიმართება. ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულს მხოლოდ ბოლო ტურის მატჩი გაარკვევს – ერთმანეთს ყველაზე პრინციპული მეტოქეები, თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან.
“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთია პირველ არხთან ამ შეხვედრას წლის მთავარ დაპირისპირებას უწოდებს.
„ორივე კლუბში მითამაშია, ვიცი, რას ნიშნავს ეს შეხვედრა და მიმაჩნია, რომ 26 ნოემბრის შეხვედრა ქართული საფეხბურთო ცხოვრების წლის მოვლენა გახდება. მატჩს მთელი ქუთაისი ელის, რადგან ჩემპიონები ბოლოს 15 წლის წინ გავხდით. ასეთივე განწყობაა იმ ხალხში, ვისაც ქართული ფეხბურთი აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, სტადიონზე მრავალი მაყურებელი იქნება.
ჩვენს ფეხბურთელებს მოტივირება არ სჭირდებათ, თითოეულს გააზრებული აქვს, რომ მსგავს საჩემპიონო შეხვედრაში მონაწილეობა შესაძლოა, აღარც მოუხდეთ.
საერთოდ, მსგავსი თამაშები ჩემპიონატისა და ჩვენი ფეხბურთის პოპულარიზაციას სჭირდება და მიხარია, წელს ამის შანსი რომ გაგვიჩნდა. ხალხი ნახავს, რომ რეალურად, ეროვნული ლიგის ლიდერების მატჩი არც ისე ცუდი სანახავია”, – ამბობს აშვეთია.