მიხაილ მარხელი - ეს იყო ნერვების თამაში
მიხაილ მარხელი - ეს იყო ნერვების თამაში

საქართველოს ნაკრებთან წაგებული (1:0) ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩის შემდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა – მისი თქმით, მატჩი ნერვების ბრძოლა იყო.

„თამაში ისეთი იყო, როგორც გვეგონა – ეს ნერვების ბრძოლა იყო. საკმაოდ თანაბარი მატჩი გამოდგა. საკვანძო გამოდგა პენალტი, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა და საქართველომ მოიგო“, – განაცხადა მიხაილ მარხელმა.

მან იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც მეორე ნახევარში ბელარუსის ნაკრებმა უკეთ ითამაშა:

„კმაყოფილი არ ვიყავი იმ თამაშით, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ და შეცვლები ამის გამო განვახორციელე“.

შეკითხვაზე ხომ არ აპირებს გადადგომას, რადგან გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გაიყვანა, მარხელმა უპასუხა:

„ყველა მწვრთნელი გადადგომისთვის მზად უნდა იყოს. კონკრეტული არაფერი თქმულა, რომ არგასვლის შემთხვევაში გადავდგებოდი, მაგრამ იყო მიზანი და გასაგებია, რომ მისი შეუსრულებლობის შემდეგ იქნება შეფასება, ვნახოთ, ფეხბურთის ფედერაცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს“.