მიკელ არტეტამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას განცხადებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.
42 წლის ესპანელი სპეციალისტის თქმით, არგენტინელმა გამოჩენის შემდეგ ფეხბურთი შეცვალა.
„გაგვიმართლა, რომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. ლიონელ მესიმ ფეხბურთი შეცვალა. ის ჩემი და ჩემი შვილების საყვარელი მოთამაშეა.
როდესაც არგენტინელი გამოჩნდა, მასზე ბევრს საუბრობდნენ და დიდ ტალანტად თვლიდნენ. ასე ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა, საბედნიეროდ, მან იმედები გაამართლა.
არსებობენ სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც – რონალდო, პელე, მარადონა. ხშირად მიდის დავა, ვინ არის მათ შორის საუკეთესო, თუმცა მესიზე შთამბეჭდავი ფეხბურთი არავის უთამაშია“, – განაცხადა არტეტამ.