მიკელ არტეტა - „არსენალში“ თავს კარგად ვგრძნობ და სხვა გუნდში წასვლას არ ვგეგმავ #1TVSPORT
ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ახალი საფეხბურთო სეზონის წინ „ბარსელონაში“ ხავი ერნანდესს შეცვლის.
რამდენიმე დღის წინ ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ესპანური ფეხბურთის გრანდს დატოვებს.
„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 41 წლის არტეტას თქმით, სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს, რადგან ლონდონში თავს ძალიან კარგად გრძნობს.
„სიცრუეა, თითქოს სხვა გუნდში მივდივარ. გაბრაზებული ვარ ამ ინფორმაციის გავრცელების გამო, დაჯერებაც კი გამიჭირდა. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როცა სხვა ადამიანის პირად საკითხზე საუბრობთ.
ახლა ძალიან კარგ ადგილზე ვარ, შესანიშნავ ადამიანებთან. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ საფეხბურთო კლუბთან ერთად გამორჩეული მოგზაურობის მონაწილე ვარ და წინ კიდევ არაერთი გამოწვევა გვაქვს“, – განაცხადა მიკელ არტეტამ.
ესპანელი სპეციალისტი ლონდონის „არსენალს“ 2019 წლის დეკემბრიდან წვრთნის. მასთან ერთად გუნდმა ერთხელ – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, ხოლო ორჯერ ინგლისის სუპერთასი მოიგო.