მიიღებს თუ არა მამუკელაშვილი ადგილს როტაციაში - ამერიკული გამოცემა სანდროს სათამაშო წუთებს განიხილავს #1TVSPORT
მიიღებს თუ არა მამუკელაშვილი ადგილს როტაციაში - ამერიკული გამოცემა სანდროს სათამაშო წუთებს განიხილავს #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორე საზაფხულო ლიგაზე ითამაშა და შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ, სიმბოლურ გუნდში ყოფნაც დაიმსახურა. ქართველი კალათბურთელის თამაში არაერთხელ მომხვდარა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში და ამჯერადაც ავტორიტეტულმა გამოცემამ 23 წლის მძიმე ფორვარდის შესახებ დაწერა.

The Athletic-ის ჟურნალისტმა, ერიკ ნემმა გამოცემის მკითხველებისა და გულშემატკივრების სხვადასხვა კითხვას უპასუხა. ერთ-ერთი კი სანდრო მამუკელაშვილზეც იყო – „როგორ ფიქრობთ, მიიღებს მამუკელაშვილი ადგილს წელს როტაციაში?“.

„სხვა მოთამაშეების ტრავმების შემთხვევაში, მამუკელაშვილმა, შესაძლოა, მიიღოს სათამაშო წუთები ამ სეზონში, მაგრამ როტაციაში მისი ადგილი რთული წარმოსადგენია.

მაიკ ბუდენჰოლცერი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში სამი მაღალი მოთამაშის როტაციას იყენებდა. 2020/21 წლების სეზონში ამან შესანიშნავად იმუშავა, რადგან იანის ანტეტოკუნმპომ, ბრუკ ლოპესმა და ბობი პორტისმა ტრავმები თავიდან აირიდეს და „ბაქსის“ თამაშების უმეტეს ნაწილში მიიღეს მონაწილეობა. გასულ სეზონზე ბრუკ ლოპესმა თამაშების დიდი ნაწილი გამოტოვა და „მილუოკის“ ეს წუთები უნდა შეევსო. მამუკელაშვილმა გარკვეული სათამაშო წუთები მიიღო, მაგრამ ეს შესაძლებლობა მას 2022/23 წლების სეზონში არ ექნება, რადგან „ბაქსმა“ სერჟ იბაკა გაიფორმა. ვეტერანი კალათბურთელი, რომელსაც დაცვაში თამაში შეუძლია, მაშინვე მიიღებს შესაძლებლობას, თუ „ბაქსის“ სამი მაღალი მოთამაშიდან რომელიმე იძულებული იქნება შეხვედრა გამოტოვოს.

ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მამუკელაშვილის წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მისმა გამოსვლამ ლას ვეგასის საზაფხულო ტურნირზე სიმბოლურ გუნდში ყოფნა დაიმსახურა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის პოტენციალს. მისი ზომა ყოველთვის ხელს შეუშლის ფარქვეშ დაცვის დროს, შესაბამისად მან უნდა იპოვოს დაცვაში თამაშის გზა NBA-ში, მაგრამ მას სწრაფი, თავდაჯერებული და კომფაქტური სამქულიანი აქვს და საკმაოდ ბევრი უნარი აქვს შეტევაში. საზაფხულო ლიგაზე მან ამ უნარების მნიშვნელობა დაგვანახა, მაგრამ ახლა მან უნდა დაგვანახოს, როგორ შეუძლია თამაში ლას ვეგასის გარეთ.“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაში შეკრებაზე ვერ გაემგზავრა. NBA-ის ახალი რეგულაციებით პროფესიული ლიგის მოთამაშეს 28 დღე ეძლევა საიმისოდ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაჰყოს. მამუკელაშვილს კი „მილუოკი ბაქსმა“ მკაცრად განუსაზღვრა ეს პერიოდი და ნება არ დართო, საქართველოს ნაკრებს ვარჯიშების პერიოდშიც შეერთებოდა. შესაბამისად, მამუკელაშვილს ჩვენს ნაკრებში ვარჯიშების დაწყების ნებართვა 4 აგვისტოდან აქვს.