მიჭირს საუბარი, რადგან ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია - კვარაცხელია იტალიაში საზეიმოდ გააცილეს #1TVSPORT
მიჭირს საუბარი, რადგან ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია - კვარაცხელია იტალიაში საზეიმოდ გააცილეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა, ხოლო საქართველოს ჩემპიონმა და მასთან ერთად სავსე სტადიონმა ის იტალიაში გააცილა, სადაც კარიერას გააგრძელებს – ეს „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის შესვენების დროს მოხდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. ახლა კი დროა, კვარა გავაცილოთნაპოლიში“ ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება“, – მიმართა ტრიბუნებს სტადიონის დიქტორმა.

„მიჭირს საუბარი, რადგან ერთად დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ, ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ. წარმატებები ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე და უნდა ვუგულშემატკივროთ, რადგან ამ გუნდს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს იმას, რაც ჯერ საქართველოს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. წარმატებები და დიდი მადლობა“, – ასე დაემშვიდობა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმელ გულშემატკივრებს.

1 ივლისს ხვიჩას იტალიაში ელიან, სადაც „ნაპოლი“ ქართველ ლეგიონერს გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენს. საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ აღარ უთამაშია.

21 წლის თავდამსხმელი იტალიაში გაემგზავრება, „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენენ. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია ა-ში ითამაშებს.

ბათუმში ორი „დინამოს“ ელიგის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა – შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი (20 ათასი) თამაშამდე 5 საათით ადრე გაიყიდა.