მეტოქის ბანაკში სიახლეა - ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა საბოლოოდ დაამარცხა კორონავირუსი და „ნაპოლიში“ ვარჯიშს განაახლებს – ინფორმაციას „ტვიტერზე“ იტალიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ცხადია, ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჩრდილოეთ მაკედონიელები, რადგან „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოსთან 21 წლის საყრდენი ნახევარმცველის დიდი იმედი აქვთ.
ეს სიახლე ოფიციალურად დაადასტურა „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ Covid-19 გუნდის ორმა ინფიცირებულმა მოთამაშემ, ელმასმა და ზელინსკიმ დაამარცხეს. საბოლოო ტესტების თანახმად, უარყოფითი პასუხი დადასტურდა და გუნდის მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს საშუალება მიეცა ორივე მათგანი ათამაშოს.
„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრს კორონავირუსი 3 ოქტომბერს დაუდგინდა, რის შემდეგაც 21 დღე გაატარა იზოლაციაში. მისი არყოფნა დიდი პრობლემა იყო ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ კოსოვოს წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონიამ ეს მატჩი მოიგო, ახლა ელმასი იქნება უზარმაზარი კოზირი დიდ ფინალში საქართველოს წინააღმდეგ, რომელში გამარჯვებულიც „ევრო2020“-ის საგზურს მიიღებს“, – წერს ჩრდილომაკედონიური გამოცემა „ეკიპა“.
შეგახსენებთ, რომ „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში მიიღებს. მატჩი „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება.