მეტოქე | ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - ეროვნული ნაკრები საექსპერიმენტო პოლიგონი არ არის, უნდა ითამაშოს მან, ვინც კლუბში თავს გამოიჩენს #1TVSPORT
მეტოქე | ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - ეროვნული ნაკრები საექსპერიმენტო პოლიგონი არ არის, უნდა ითამაშოს მან, ვინც კლუბში თავს გამოიჩენს #1TVSPORT

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაგომედ ადიევმა განაცხადა, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების მიწვევას აპირებს, მაგრამ ექსპერიმენტებს გამორიცხავს.

„გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებსაც ვაკვირდებით და უახლოეს მომავალში ნაკრებში მათ მიწვევას განვიხილავ, მაგრამ ახლა დაკონტრეტება არ მინდა. დარწმუნებული ვარ, ეს კანდიდატები შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარებიან. რაც შეეხება სათამაშო დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი შედეგის მიღწევაა. ეროვნული ნაკრები საექსპერიმენტო პოლიგონი არ არის. უნდა ითამაშოს მან, ვინც კლუბში თავს გამოიჩენს“, – ამბობს მაგომედ ადიევი.

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკაზეც ისაუბრა: „ძირითადად 5-3-2 სქემით ვთამაშობთ, პერიოდულად 3-4-2-1 სქემასაც ვიყენებთ. სლოვენიასთან და დანიასთან ბოლო თამაშებში ორი ფორვარდით თამაში ვცადეთ. ამავე დროს, მეორე შეხვედრაში, დანაისთან მოედანზე ორი შემტევი ნახევარმცველი გვყავდა. ჩვენ გვაქვს თამაშის სხვადასხვა ვარიანტი და მათ მეტოქიდან გამომდინარე ვირჩევთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს 2024 წლის მარტში უმასპინძლებს. წყვილის გამარჯვებული კი თურქეთი-საბერძნეთის წყვილის მომგებ ნაკრებს შეხვდება და ევრო 2024-ის საგზურისთვის იბრძოლებს.

აქვე დავძენთ, თუ ერთა ლიგის პლეი ოფის მონაწილე რომელიმე ნაკრები ძირითადი შესარჩევი ტურნირიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, პლეი ოფში მის ადგილს სხვა გუნდი დაიკავებს.