მეტოქე გადავთელეთ - ბელგიაში რუსეთის ნაკრებს დასცინიან #1TVSPORT
მეტოქე გადავთელეთ - ბელგიაში რუსეთის ნაკრებს დასცინიან #1TVSPORT

ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ფიფა-ს რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა, მარტინესის შესანიშნავმა გუნდმა რუსეთის ნაკრები პეტერბურგში 3:0 დაამარცხა – მატჩის შესახებ ბელგიურ პრესაში საინტერესო სტატიები გამოქვეყნდა. მთავარი მესიჯია – ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

Wallfot

„მას შემდეგ, რაც მეორე გოლი გავიტანეთ, პეტერბურგის სტადიონი გაჩუმდა. როგორც ჩანს, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ვითარების სირთულე გააცნობიერეს. რუსებმა ვერ შეძლეს ღირსეულის თამაშის ჩვენება. კერძოდ, გოლოვინი მინდორზე მოჩვენებას ჰგავდა. ბოლო წუთებმა სტრესის გარეშე ჩაიარა და სუსტი რუსეთი შედეგს შეეგუა“.

HNL

რომელუ ლუკაკუმ რუსული დღესასწაული ჩაშალა. თავდამსხმელმა და ცენტრალურმა მცველებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მათ მთვრალი რუსული დათვი გადათელეს“.

Nieuwsblad

ლუკაკუ მოედანზე სპეციალური მისიით გავიდა. მას სურდა, თანაგუნდელის, ერიქსენის გამო ეთამაშა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე სიკვდილის პირას იყო. რუსი გულშემატკივრის „ფსტვენამ“ ის მხოლოდ გაამხნევა. საინტერესოა, რომ დუბლის ავტორმა ლუკაკუმ პირველი სანაკრებო გოლებიც რუსეთის კარში გაიტანა“.

Voetbalkrant

„ბელგიამ დაძაბვის გარეშე გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ჩვენ შეგვიძლია აზარისა და დე ბრუინის გარეშეც ვითამაშოთ, რადგან ლუკაკუ გვყავს. რუსეთთან მატჩში ის უბრალოდ ყველგან იყო. რა კარგი თავდამსხმელი გვყავს! რუსეთს არ სურდა თამაში და ბელგიელების შეცდომას ელოდა, რაც არ მომხდარა“.

რატომ აჯობა პატარა ბელგიამ უზარმაზარ რუსეთს

რუსეთის ნაკრების ევრო2020-ის სადებიუტო შეხვედრაში ბელგიასთან წაგებით რუსული მედია აღშფოთდა. ამის თაობაზე გრიგორი ტელინგატერმა გამოცემა „ჩემპიონატში“ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

„რატომ გაარღვია პატარა ბელგიამ უზარმაზარი რუსეთი? ასეთი ფეხბურთისგან ტირილი მოგინდება. ჩვენ ლოზუნგებით ვცხოვრობთ, სხვები კი ფეხბურთს ავითარებენ. და მაინც, როგორ აღმოვჩნდით ამ ვითარებაში? როგორ მოხდა, რომ რუკაზე პატარა წერტილმა უზარმაზარი რუსეთის ფეხბურთელები აიძულა, რომ ენერვიულათ?

პრემიერლიგის ან ბუნდესლიგის სკაუტებისთვის ბელგიაში მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე რუსეთში. აშკარაა, რომ ევროკავშირის ქვეყნის მოთამაშეებისთვის ტოპ-ლიგებში მოხვედრა უფრო ადვილია, მაგრამ მაინც: თუ ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, მაშინ ბაზრის პირობებში ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევენ. ძლიერ მოთამაშეს ინგლისში ან გერმანიაში წაიყვანენ, რომ განავითარონ და კონკურენცია საუკეთესოებს გაუწიონ.

საკითხავი ისაა, რამდენად ძლიერები არიან ჩვენი ფეხბურთელები. რუსეთის მოსახლეობა 146 მილიონია, ხოლო ბელგიის – 11 მილიონი. ჩვენს დედაქალაქშიც კი მნიშვნელოვნად მეტი ადამიანია, ვიდრე მთელ ბელგიაში, მაგრამ რატომ არ გვაქვს მოსკოვში ნორმალური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ყველა რაიონში საფეხბურთო სკოლები რომ იყოს. უღარიბეს რეგიონებზე საუბარს აზრიც არ აქვს – როგორც წესი, იქ ვითარება კიდევ უფრო სამწუხაროა.

146 მილიონი ვართ, მაგრამ ფეხბურთზე არავინ ზრუნავს. დიდი ფულიც კი არ გვეხმარება, რადგან ის მაინც სწორად უნდა დახარჯო. ტელევიზიით ამბობენ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ფხიზლად აზროვნება არაპატრიორიტეტულია. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ფურსენკო სულ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მითიურ გამარჯვებაზე საუბრობდა. ახლა ამაზე საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ. მაქსიმალიზმი სპორტში მშვენიერია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ის სასაცილოდ ან საწყლდაც კი გამოიყურება. ახლა უკრაინის ეროვნული ნაკრებიც კი ჩვენზე უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება ფეხბურთის გაუმჯობესება გვაიძულოს“.