მესტენდური ელიზავეტა ბოიარშინოვა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
მესტენდური ელიზავეტა ბოიარშინოვა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე მესტენდურთა კონტინენტის პირველობაზე ქართველმა მსროლელმა, ელიზავეტა ბოიარშინოვამ ფინალური ეტაპის დამატებით სერიაში სლოვაკი მიროსლავა ჰოკოვა 2:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ჩვენს მსროლელს ფინალში 26 გასროლის შემდეგ დანაკარგი არ ჰქონია და 4 ქულითაც კი გაუსწრო მდევრებს, თუმცა საბოლოოდ 60 გასროლა მან და ჰოკოვამ 53-53 ქულით დაასრულეს, დამატებით სერიაში კი ბოიარშინოვა წარმატებული აღმოაჩნდა და როცა სლოვაკმა 1 სამიზნე ააცილა, მან ორივე ზუსტად მოარტყა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი 43 ქულით ბრიტანელმა მადელაინ ზარინა რუსელმა მოიპოვა.

დღესვე ოსიეკში ვაჟთა ტურნირში ლევან კაპანაძე გამოვიდა, თუმცა ქართველი მესტენდური ფინალში ვერ მოხვდა. მან გამოსვლა 113 ქულით (23, 22, 23, 22, 23) 24-ე ადგილზე დაასრულა.