მესისა და რონალდოს შედეგიანი უქმეები - არგენტინელმა კარიერაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, პორტუგალიელმა 66-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მესისა და რონალდოს შედეგიანი უქმეები - არგენტინელმა კარიერაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, პორტუგალიელმა 66-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გამორჩეული უქმეები ჰქონდათ თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდებს – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს.

MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამიმ“. მან საკუთარ მოედანზე 6:2 გაანადგურა „ნიუ იორკ რედ ბულზი“.

ლუის სუარესმა 12 წუთში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ლიონელ მესის გამოსვლა, რომელმაც ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რასაც ერთი გოლიც დაუმატა. ასე რომ, არგენტინელმა თავისი გუნდის ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა. სუარესის გარდა, მისი გადაცემებით დუბლი შეასრულა როხასმა.

მესი პირველი მოთამაშეა MLS-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე ის პირველია ლიგაში ერთ შეხვედრაში ექვსი ქულით. გარდა ამისა, მესიმ კარიერაში ყველაზე შედეგიანი მატჩი (და ტაიმიც) ჩაატარა: ხუთი გოლი მას აქამდე გატანილი ჰქონდა, მაგრამ ექვსი შედეგიანი მოქმედება არასდროს ჰქონია.

მესიმ MLS-ის ახალი სეზონის პირველ რვა მატჩში ზედიზედ გაიტანა. ის მესამე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში ასეთი სერიით: ადრე იგივე შეძლეს კობი ჯონსმა (1998) და კლინტ დემპსიმ (2008).

და კიდევ, მესი უსწრებს ფორვარდ კარლოს ველას გრაფიკს. 2019 წელს მას სარეკორდო 49 შედეგიანი მოქმედება ჰქონდა. ამ მომენტისთვის მესის „გოლი+პასის“ სისტემით 21 ქულა (10+11) აქვს.

როგორც ვთქვით, მესისთვის ეს იყო პირველი მატჩი კარიერაში ექვსი შედეგიანი მოქმედებით. შედარებისთვის, კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ორი ასეთი მატჩი ჰქონდა – ორივე „რეალის“ შემადგენლობაში: „ალმერიასა“ (2011 წელს 2+4) და „ესპანიოლის“ (2015 წელს 1+5) წინააღმდეგ.

რონალდოს „ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში 6:0 მოუგო შინ „ალ-ვაჰდას“. კრიშტიანომ მე-5, მე-12 და 52-ე წუთებზე გაიტანა და კარიერაში 66-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა. შედარებისთვის, ლიონელ მესის კარიერაში 57 ჰეთ-თრიკი აქვს.

ბოლო ხუთ მატჩში რონალდომ სამჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი. 32 გოლით ის ლიდერობს ბომბარდირთა დავას. უახლოეს მდევარს ალექსანდარ მიტროვიჩს 23 გოლი აქვს.