ლიონელ მესი აღიარებს, რომ თერთმეტმეტრიანების შესრულების მხრივ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს გაწბილებული და რომ ამ საკითხში მეტი მუშაობა მართებს.
31 წლის არგენტინელმა ბოლო რვა პენალტიდან ოთხი გააფუჭა და ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, ისლანდიის წინააღმდეგ მატჩში.
მთლიანობაში, კარიერის განმავლობაში, მესიმ თერთმეტმეტრიანი 24-ჯერ ვერ გაიტანა.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ „უესკას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (8-2), როდესაც მესის უკვე ორი გოლი ჰქონდა გატანილი, მან პენალტის შესრულებისგან თავი შეიკავა და ეს საქმე ლუის სუარესს ანდო.
„მინდა, რომ უფრო ეფექტური ვიყო ამ საკითხში“, – უთხრა მესიმ „რადიო კატალუნიას“, – „მაგრამ პენალტებზე მუშაობა ძალიან რთულია. ერთია, როდესაც თერთმეტმეტრიანს ვარჯიშზე ურტყამ და მეორე – როდესაც თამაშის დროს გევალება ამის გაკეთება. იდეა შეიძლება გქონდეს გონებაში, მაგრამ ამის რეალობად ქცევა გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.