მესის მე-40 და არგენტინის მე-20 ტიტული, 32-მატჩიანი წაუგებელი სერია - ფინალისიმას ფაქტები [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა გაანადგურა იტალია ფინალისიმაში – 3:0. ანგარიში სავსებით კანონზომიერია: თამაშის ხარისხში სხვაობა კოლოსალური აღმოჩნდა.
არგენტინა საკუთარი ისტორიის გადაწერას აგრძელებს: გუნდი უკვე 32 მატჩია არ მარცხდება, რაც მისი ახალი პირადი რეკორდია. არგენტინელებს 1991 წლის თებერვლიდან 1993 წლის აგვისტომდე 31-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.
* მიმდინარე სერია 2019 წლის ივლისში ჩილეს დამარცხებით (2:1) დაიწყო. მას შედეგ არგენტინა არ აგებს არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩებს.
* არგენტინის სერია შთამბეჭდავია: 22 მოგება და 10 ფრე, ბურთების სხვაობა – 56:17.
* ამ სერიაში მოხვდა ზედიზედ შვიდი მოგება და 14 „მშრალი“ მატჩი.
* არგენტინის ბოლო მარცხი 2019 წლის ივლისით თარიღდება – კოპა ამერიკას ნახევარფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ. იმ მატჩში გოლები გაბრიელ ჟესუსმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს.
* არგენტინას იტალიის ნაკრების რეკორდამდე (ზედიზედ 37 წაუგებელი შეხვედრა) ხუთი მატჩი აშორებს.
* არგენტინამ მე-20 ტიტული მოიპოვა და ყველაზე ტიტულოვან გუნდად რჩება ისტორიაში. მეორეზეა ბრაზილია 18 ტიტულით.
* ფინალისიმას საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი აღიარეს. მან ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2022 წელს მას კლუბსა და ნაკრებში 12 საგოლე პასი დაუგროვდა.
* მესიმ მე-40 ტიტული მოიგო კარიერაში და მხოლოდ დანი ალვეშს (46) ჩამორჩება.
* ეს არის მესის მესამე ტიტული ნაკრებში; ოქრო 2008 წლის ოლიმპიადაზე, 2019 წლის კოპა ამერიკა და 2022 წლის ფინალისიმა.
* იტალია 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა.
* იტალიას ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვს.
* არგენტინამ ზედიზედ მეოთხედ მოუგო იტალიას. „სკუადრა აძურას“ ბოლო მოგება ამ გუნდთან 1982 წლით თარიღდება.
იტალია-არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 ლ. მარტინესი (28. მესის პასით), 0:2 დი მარია (45+1. ლ. მარტინესის პასით), 0:3 დიბალა (90+5)
იტალია (4-3-3): დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (46. ლაძარი), ემერსონი (77. ა. ბასტონი) – პესინა (63. სპინაცოლა), ჟორჟინიო, ბარელა – ბერნარდესკი (46. ლოკატელი), რასპადორი, ბელოტი (46. სკამაკა).
არგენტინა (4-1-2-3): ე. მარტინესი – რომერო (85. პეცელა), მოლინა, ოტამენდი, ტალიაფიკო – როდრიგესი – დე პაული (76. პალასიოსი), ლო სელსო (90+1. დიბალა) – დი მარია (90+1. ნ. გონსალესი), მესი, ლ. მარტინესი (85. ხ. ალვარესი).