მესის მამამ და ბარტომეუმ ვერ მოილაპარაკეს - მხარეები უკანდახევას არ აპირებენ
არგენტინიდან ბარსელონაში ჩავიდა ლიონელ მესის მამა და შეთავსებით აგენტი ხორხე მესი. მან საღამოს მოლაპარაკებები გამართა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან. თუმცა, უფროსი მესის ესპანეთში ვიზიტმა ვერ შეიტანა სიცხადე შექმნილ სიტუაციაში. ხორხე მესის სიტყვებით, „ლიონელს გაუჭირდება კლუბში დარჩენა”, მაგრამ ინფორმაცია „მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებით უფროსმა მესიმ არ დაადასტურა. „არაფერი ვიცი. გვარდიოლასთან კონტაქტი არ მქონია“, – მოჰყავს ხორხე მესის სიტყვები „მუნდო დეპორტივოს“.
ბარტომეუსთან შეხვედრამდე, ხორხე მესის კონსულტაცია ჰქონდა ადვოკატებთან და ეს გასაგებია: რადიო „კადენა სერის“ ინფორმაციით, ლიონელ მესის მხრიდან თანამშრომლობაზე საბოლოო უარის შემთხვევაში, პრეზიდენტი ლეგენდას სასამართლოთი ემუქრება. „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, შეხვედრისას ბარტომეუ ჯიუტად იმეორებდა, რომ მესი უნდა დარჩეს კლუბში და რონალდ კუმანის პროექტის ცენტრალური ფიგურა უნდა იყოს. ამასთან, მესი ისევ არ აპირებს ვარჯიშებზე დაბრუნებას.
საბოლოოდ, ბარტომეუსა და უფროსი მესის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ შედეგი არ ჰქონია. მხარეები თავის აზრზე დგანან: ბარტომეუ მხოლოდ 700 მილიონის სანაცვლოდ გაუშვებს მესის, ხორხემ კი ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა: „ჩემი ვაჟი არ დარჩება“.