ბარსელონა ოცდამეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა საამისოდ სათადარიგოთა სკამიდან ლიონელ მესის მოედანზე შეყვანა გახდა საჭირო.
მოკრძალებულ ლევანტესთან მატში, საკუთარ მოედანზე, კატალონიელებმა პირველ ნახევარში ვერაფერი გააწყვეს. ერნესტო ვალვერდემ, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა, თუმცა ლევანტე მრისხანემ მეტოქეს გაუძალიანდა და პირველ 45 წუთში გოლი არ გაატანინა.
მესი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შევიდა და თხუთმეტ წუთში შეცვალა სიტუაცია.
ლევანტეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნსი ორჯერ იყო ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ბარსელონამ ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.
კატალონიელებმა წელს მეორე ტიტული მოიგეს (ესპპანეთის თასი და ჩემპიონობა) და ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი.
ოთხშაბათს, 1 მაისს, ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლივერპულს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.