მესის დისკვალიფიკაცია გააუქმეს - მას არგეტინის ნაკრების უახლოეს შესარჩევ მატჩში თამაში შეუძლია
„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი შეძლებს არგენტინის ნაკრების დახმარებას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის კოპა ამერიკაზე, მესამე ადგილისთვის მატჩში მესიმ წითელი ბარათი მიიღო. თამაშის შემდეგ, არგენტინელმა გააკრიტიკა მსაჯობა – მიანიშნა იმის შესახებ, რომ არბიტრები ყველაფერს აკეთებდნენ ბრაზილიის საბოლოო გამარჯვებისთვის.
მოგვიანებით, ფეხბურთის სამხრეთამერიკულმა კონფედერაციამ მესი 50 ათასი დოლარით დააჯარიმა და სამი თვით ჩამოაშორა ფეხბურთელი საერთაშორისო მატჩებს, კერძოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის პირველ ტურს. ლიონელმა მანამდე გამოტოვა ამხანაგური მატჩები მექსიკის, ჩილესა და გერმანიის წინააღმდეგ. მას ასევე არ უნდა ეთამაშა შესარჩევ მატჩში ეკვადორთან. თამაში დაგეგმილი იყო 26 მარტს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ახლა ცნობილი გახდა, რომ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ გაასაჩივრა მესის დისკვალიფიკაცია და აპელაცია დააკმაყოფილეს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.
ახლა, მესის შეუძლია ითამაშოს ეკვადრისა (8 ოქტომბერი) და ბოლივიის (13 ოქტომბერი) წინააღმდეგ.