„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მე-15 წუთზე არგენტინელმა არტურო ვიდალს გაატანინა. ეს იყო მესისთვის მე-20 შედეგიანი პასი პრიმერას წლევანდელ სეზონში. გარდა ამისა, „ბარსას“ ლიდერს 22 გოლი აქვს გატანილი.
მესი გახდა პირველი მოთამაშე ლა ლიგას ისტორიაში, რომელმაც შეძლო ერთ სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა და მინიმუმ 20 შედეგიანი გადაცემის შესრულება.
თუ განვიხილავთ ევროპის TOP5 ჩემპიონატებს, XXI საუკუნეში მხოლოდ ტიერი ანრიმ შეძლო ერთ სეზონში 20+20-ის გაფორმება – 2002-03 წლების სეზონში ლონდონის „არსენალის“ რიგებში მან 24 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი პასი შეასრულა.
„ბარსელონამ“ ამ ერთადერთი გოლით 1:0 მოიგო და „რეალთან“ მინიმუმამდე სხვაობა ისევ შეამცირა.