მესი თანაგუნდელებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და იკერ კასილიასს თბილ სიტყვებს უგზავნის
ლიონელ მესიმ ლივერპულის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი შეაფასა და თანაგუნდელებს მოუწოდა, ყურადღება არ მოადუნონ.
კამპ ნოუზე გამართულ მატჩში ბარსელონამ ანგარიშით 3:0 (სუარესი, მესი – 2) გაიმარჯვა, თუმცა ანგარიში მატჩის მიმდინარეობას ზუსტად არ ასახავს. ლივერპული საკმაოდ აქტიურად უტევდა მეტოქის კარს და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლები მხოლოდ საპირისპირო კარში გადიოდა.
ტვიტერის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ გზავნილში არგენტინელი ვარსკვლავი აცხადებს, რომ ლივერპული უძლიერესი გუნდია, ენფილდი კი ძალიან რთული მოედანი და კონცენტრაციის დაკარგვა შესაძლოა გუნდს ძვირად დაუჯდეს.
გზავნილის ბოლოს მესი იკერ კასილიასს, რომელმაც გუშინ, 1 მაისს, გულის შეტევა გადაიტანა, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ამ საღამოს შედეგით კმაყოფილები ვართ. მაგრამ ჯერ ენფილდი გველის – ძალიან რთული მოედანი, სადაც ლივერპული, რომელიც უძლიერესი გუნდია, ძალიან შემოგვიტევს. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გვიახლოვდება და ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. დაბოლოს, მინდა მომენტი გამოვიყენო და იკერ კასილიასს ჩახუტება გავუგზავნო. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა მესიმ.