მესი სინოფარმის ვაქცინით აიცრება #1TVSPORT
მესი სინოფარმის ვაქცინით აიცრება #1TVSPORT

კოპა ამერიკის ტურნირის დაწყებამდე, არგენტინის ნაკრების მთლიანი შემადგენლობა (კაპიტან ლიონელ მესის ჩათვლით) ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება, – ინფორმაციას „მარკა“ ავრცელებს.

ესპანური გამოცემა ეყრდნობა კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის) პრეზიდენტის, ალეხანდრო დომინგესის განცხადებას. აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კონმებოლმა სინოფარმის ვაქცინის 50 000 ათასი დოზა უკვე შეიძინა, რომლითაც ყველა სამხრეთამერიკული ნაკრები, სამწვრთნელო სტაფი, ექიმები და მომსახურე პერსონალი აიცრება. სპეციალურად მესისთვის კი სინოფარმის ვაქცინას ბარსელონაში გაგზავნიან.

„ეს კეთდება როგორც ფეხბურთელების, ასევე გუნდის მთლიანი შემადგენლობის დასაცავად, რადგან, გუნდი მხოლოდ ფეხბურთელებისგან არ შედგება. ვაქცინას თითოეული მათგანი მიიღებს“, – მოჰყავს კონმებოლის პრეზიდენტის სიტყვები „მარკას“.

კონმებოლის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შედეგად კოპა ამერიკის ჩატარება უსაფრთხო გახდება, რომელიც 2021 წლის 13 ივნისს დაიწყება.