“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ ფორვარდი ლიონელ მესი სათამაშოდ მზად არის. გარდა ამისა, კატალონელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც დაზიანების გამო ორი კვირა გამოტოვა, ასევე მალე დაბრუნდება მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ მარჯვენა ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მესის “სევილიასთან” და “რომასთან” მატჩების გამოტოვება უწინასწარმეტყველეს. მიუხედავად ამისა, ის “სევილიას” წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა.
“მესი ითამაშებს. წინა დღეებთან შედარებით, ლიონელი თავს უკეთ გრძნობს. ბუსკეტსი გუშინ ვარჯიშობდა. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში ის კიდევ უფრო უკეთ იქნება. მესისა და ბუსკეტსის მოედანზე ყოფნას ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ვალვერდემ.
“ბარსელონასა” და “რომას” შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას II არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.