მესი მზად არის, „ბარსელონაში“ დაბრუნება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განიხილოს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ აცნობა „ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, რომ არ გამორიცხავს „ბარსელონაში“ დაბრუნებას. მათ შორის სატელეფონო საუბარი რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
პრეზიდენტი ცდილობს ურთიერთობების დალაგებას მესისთან, რომელიც იმედგაცრუებული იყო „ბარსელონას“ მოქმედებით 2021 წლის ზაფხულში, როცა ფეხბურთელი იძულებული გახდა გადასულიყო „პარი სენ-ჟერმენში“, რადგან „ბარსამ“ არ შესთავაზა მას ახალი კონტრაქტი.
El Clásico TV-ის ეთერში არგენტინელმა ჟურნალისტმა სერხიო გონსალესმა გამოაცხადა, რომ ლაპორტამ ბოდიში მოუხადა მესის იმის გამო, რომ მას გუნდიდან წასვლა მოუწია.
აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან როლს შესაძლო დაბრუნებაში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავიც თამაშობს.
მესიმ განუცხადა ლაპორტას, რომ ამ მომენტისთვის ფიქრობს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნოემბერში დაიწყება. ამის შემდეგ, ფორვარდი მზად არის განიხილოს „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნება.
ამ სეზონში 35 წლის არგენტინელმა 11 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.