ლიონელ მესი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხისა და მოახლოებული სამეფო თასის ფინალის გარდა, არგენტინელ ვარკსვლავს „ბარსელონას“ სამომავლო გეგმებზეც დაუსვეს შეკითხვები.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ღიად გამოხატა მხარდაჭერა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მისამართით, თუმცა კლუბის ერთ-ერთი სამიზნის, ფრანგი ანტუან გრიზმანის მიმართ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელიც მრავალი სახის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა ის მადრიდის „ატლეტიკოს“ აწ უკვე ყოფილი ფრანგი თავდამსხმელის შესახებ, მესიმ ლაკონური პასუხი გასცა: „გრიზმანის შესახებ არაფერს ვფიქრობ“.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბარსელონას ფეხბურთელები გრიზმანის მიმართ კეთილგანწყობას არ იჩენენ, ადრეც გავრცელებულა და მესის სიტყვებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.