ჩემპიონთა ლიგის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელ კრის სმოლინგთან შეჯახების შედეგად დაშავებული ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ორი ფეხბურთელი ერთმანეთს თამაშის პირველ ნახევარში შეეჯახა და არგენტინელმა საკმაოდ არასასიამოვნო დაზიანება მიიღო სახის არეში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელს გამოკვლევას ბარსელონაში ჩაუტარებენ და ტრავმის სერიოზულობა მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება.
კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები კი იტყობინებიან, რომ გუნდის წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა ერნესტო ვალვერდე არ გარისკავს და ამ კვირის ბოლოს უესკას წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩში მესის სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედი სტუმრად 1-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც კამპ ნოუზე მომავალ კვირას გაიმართება, საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.