მესი „ბარსელონას“ დაემშვიდობა - იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები [ვიდეო] #1TVSPORT
მესი „ბარსელონას“ დაემშვიდობა - იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები [ვიდეო] #1TVSPORT

მესი „ბარსელონას“ დაემშვიდობა. ეს სიტყვები არამარტო კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელია. დღეს, 8 აგვისტოს არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვას უპასუხა.

მესიმ დარბაზში შესვლის შემდეგ, კონფერენციის დაწყებამდე ემოციები ვერ შეიკავა.

 

„ბოლო დღეები ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა და სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერი მოვიფიქრე. მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნეს, რომ დავრჩებოდით და ჩვენც მხოლოდ ეს გვსურდა. მაგრამ დღეს დამშვიდობება მიწევს. მთელი ცხოვრება აქ გავატარე და ამისთვის მზად არ ვარ. 13 წლიდან აქ ვარ და 21 წლის შემდეგ მივდივარ ჩემს მეუღლესთან და სამ კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ გუნდელებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ყველას ვინც ჩემ მხარეს იყო.“

ლეოსთვის ეს, რა თქმა უნდა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა.

„ჩემი კარიერის ყველაზე რთული მომენტია. როდესაც ყველაფერი მითხრეს, ეს ჩემთვის ცივი შხაპი იყო. მქონია ცხოვრებში რთული მომენტები, მაგრამ ეს… თავს ცუდად ვგრძნობ, ამ ყველაფერს არ მოველოდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დავრჩენილიყავი. ხელფასის განახევრებაზეც დავთანხმდი, რადგან დარჩენა მინდოდა. კლუბს ბევრი ვალი აქვს და მისი გაზრდა არ სურს. ბოლო დროს ბევრი რამ მოვისმინე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მე დარჩენა მინდოდა და ყველაფერი შეთანხმებული იყო. ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც ამ ქალაქისთვის გავაკეთე და ყველაფერს დავუბრუნდები, როცა საზღვარგარეთიდან ჩამოვალ, რადგან ეს ჩემი სახლია და ჩემს შვილებს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდით. ყველას, ვინც დაგვეხმარა დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბის ღირებულებებით გავიზარდე.“

 

მესის თქმით, ის ჯერ არცერთი კლუბის შეთავაზებას დათანხმებულა.

„ამ ეტაპზე არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ.

ლეგენდარული ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბოლოს ის თავის კლუბში დაბრუნდება.

„რთული იყო წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ყოფნა. ნორმალურად დამშვიდობება მინდოდა. ჩემი მოსვლის დღიდან ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს ერთ დღეს დავბრუნდები, ამას მე ჩემს შვილებს შევპირდი. მინდა, რომ დავეხმარო ამ კლუბს იყოს საუკეთესო.“

არგენტინელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშიც გაიხსენა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ 43-ე ტიტული გაიფორმა და აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებამდე მასაც სურს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვება.

„ვინც მიცნობს იცის, რომ კონკურენციის გაგრძელება მსურს და კარიერის ბოლომდე ამას ვაპირებ. ეს ჩემი მენტალიტეტია. ჩემი გზა უნდა გავაგრძელო და ჩემს კარიერაზე ვიფიქრო.“

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესის ყველა ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით გააცილა.

 

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 34 წლის ფეხბურთელი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტიური „პარი სენ-ჟერმენია“ და მედიაშიც ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მესი პარიზულ კლუბს შეუერთდება.