მესი არგენტინაში დაიწყო და არა ბარსელონაში
მესი არგენტინაში დაიწყო და არა ბარსელონაში

არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი „ბარსელონას“ აღზრდილად მიიჩნევა, თუმცა, თავისი პირველი ნაბიჯები მან სამშობლოში გადადგა. ლეო იწყებდა მოკრძალებულ გუნდში, რომელიც მისი სახლის გვერდით ვარჯიშობდა. მალე მას თვალი დაადგეს „ნიუელს ოლდ ბოისში“ – ლეოს მშობლიური ქალაქის როსარიოს მთავარ კლუბში. გადასვლა პრობლემური იყო. „ნიუელსის“ მწვრთნელმა თავისთან მესი საიდუმლოდ გადაიბირა.

გრანდოლი“ მესის პირველი გუნდი იყო. საშინელი მინდორი, სამაგიეროდ, სახლის გვერდით

ფეხბურთი მესის ოჯახში უყვარდათ: მამა ნახევრადპროფესიულ დონეზე თამაშობდა, უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ სამოყვარულო კლუბ „გრანდოლიში“. სტადიონი, რომელზეც ბავშვები თამაშობდნენ, ლეოს სახლიდან ხუთი წუთის სავალზე იყო. ბიჭი ოთხი წლის იყო, როცა ბებიამ სელია კუჩიტინიმ იქ წაიყვანა. სწორედ მან აჩუქა ლიონელს პირველი ბურთი (დღეს მესი მას გოლებს უძღვნის). მინდორი „გრანდოლიში“ არ იყო მაინც და მაინც საუკეთესო: გამხმარი გაზონი, კარის დაჟანგული ძელები და უსწორმასწორო ხაზები. თავად მესი მოგვიანებით იტყვის, რომ თამაშს „ქვებიან და ტალახიან“ მინდორზე იწყებდა.

ლიონელი ბავშვობიდან დადიოდა „გრანდოლის“ მატჩებზე – უყურებდა, როგორ თამაშობდნენ მისი ძმები – მატიასი და როდრიგო. როცა ლეო გუნდში აიყვანეს, ის ყველაზე პატარა იყო – ასაკითაც და სიმაღლითაც. „გრანდოლის“ მწვრთნელი სალვადორ აპარისიო ლიონელის პირველ მატჩს იხსენებდა: „მე მესი ბოლოსკენ შევუშვი მოედანზე. ის ძალიან პატარა იყო და თავიდან ბურთის ეშინოდა. როცა მეორე ჯერზე ბურთმა მის ფეხებამდე მიაღწია, მან ერთმანეთის მიყოლებით ყველას მოტყუება დაიწყო. მე მას ვუყვიროდი: „დაარტყი, ლეო, კარში დაარტყი!“ მაგრამ ის ამისთვის ძალიან პატარა იყო“.

ნახევარი წლის შემდეგ, მესიმ კარში დარტყმა ისწავლა, ყოველ მატჩში 6-7 გოლი გაჰქონდა. ისწავლეს მის წინააღმდეგ თავის დაცვაც: საბავშვო ტურნირებზე, რომელიც როსარიოში იმართებოდა, ლეოს ორ-სამი მეტოქე იჭერდა და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა. მესიმ სიტუაციიდან გამოსვლა ისწავლა – თავის კართან ჩადიოდა, ბურთს მეკარისგან იღებდა და სიღრმიდან იწყებდა თავის დრიბლინგს.

გრანდოლის“ დირექტორმა დავიდ ტრევესმა თავისი ემოციების შესახებ მოყვა, როცა პირველად ნახა მესის თამაში: „თავიდანვე ჩანდა, რომ ის განსაკუთრებული იყო. ეს თანდაყოლილი ნიჭია, რომელიც უკვე 5-6 წლის ასაკში გამოჩნდა. ლეო აკეთებდა იგივეს, რასაც ახლა „ბარსელონაში“ აკეთებს, მაგრამ მაშინ ბურთი მუხლებამდე წვდებოდა. ის პატარა იყო, მაგრამ ტექნიკით ყველას ანცვიფრებდა. ვუყურებდი მესის და მესმოდა – ეს ახალი მარადონაა“.

პრობლემური გადასვლა „ნიუელსში“ – მწვრთნელმა ის „გრანდოლიდან“ სადუმლოდ წაიყვანა 

როსარიოში ხმა დაირხა, რომ საბავშვო გუნდში ქალაქის გარეუბნიდან ნამდვილი ტალანტი თამაშობს. ხორხე გრიფას, რომელიც „ნიუელს ოლდ ბოისში“ მწვრთნელად მუშაობდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს ზღაპრები იყო. თავად ხორხე არ იყო ხელწამოსაკრავი კაცი – 50-იან წლებში თამაშობდა „ნიუელსში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ მოსინჯა ძალები, რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა არგენტინის ნაკრებში. „როსარიოს ყველაზე ცუდ გუნდში არ შეიძლება ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდეს“, – ფიქრობდა გრიფა. ფეხბურთში ის ნამდვილად ერკვეოდა, ამიტომაც პირადად შემოწმება გადაწყვიტა – ასეთი რა ტალანტი ჰყავდა „გრანდოლის“.

ხორხე ისე შეიპარა სტადიონზე, რომ არავის შეემჩნია. ის ტრიბუნის კიდესთან დადგა და სცადა ფეხბურთელებს შორის გამოერჩია ის ტალანტი, რომელიც თამაშამდე დაუხასიათეს. როცა ბურთი მესიმდე მივიდა, გრიფა მაშინვე მიხვდა – ეს სწორედ ის არის. პატარა და სწრაფი, როგორც რწყილი! ის „ნიუელსში“ უნდა წავიყვანოთ!

მატჩის შემდეგ, გრიფამ ლეოს მამა მონახა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან ხორხე მესი „ნიუელსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სადაც სწორედ გრიფა ავარჯიშებდა. ლიონელის უფროსი ძმები – როდრიგო და მატიას უკვე იყვნენ კლუბში. „შემდეგ ჯერზე, როცა მათ ვარჯიშზე წამოიყვან, უმცროსიც გამოაყოლე“, – უთხრა გრიფამ ლეოს მამას.

როგორც არ უნდა მოენდომებინა სალვადორ აპარიკიოს ლეოს „გრანდოლიში“ შენარჩუნება, მაინც არაფერი გამოვიდოდა. ვინ დარჩება სამოყვარულო კლუბში, როცა „ნიუელსიდან“ გაქვს შეთავაზება?! მით უმეტეს, რომ მესის ოჯახში ყველა ამ გუნდს გულშემატკივრობდა.

„მანქანა 87“. „ნიუელსის“ ახალგაზრდული გუნდი ქვეყანაში საუკეთესო იყო

მესი „ნიუელსში“ 1995 წლის ზაფხულში გადავიდა (მაშინ ის 8 წლის იყო). ამ მომენტიდან ორი წლით ადრე, ლეო მამასთან ერთად ადევნებდა თვალს დიეგო მარადონას დებიუტს ამ გუნდში. გადავსებული სტადიონი, წითელ-შავ ფერებში შეღებილი ტრიბუნები სკანდირებდა – „დიეგო, დიეგო“. მარადონა დიდი ხნით არ მისულა „ნიუელსში“: პნევმატური შაშხანიდან ცეცხლი გაუხსნა ჟურნალისტებს და ნახევარ წელიწადში დატოვა კლუბი.

ლეოს პირველი მატჩი „ნიუელსის“ ახალგაზრდულ გუნდში ძალიან წარმატებული გამოდგა: მოგება 6:0, ოთხი გოლი მესის ანგარიშზე იყო. გუნდი, რომელიც 1987 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შედგებოდა, საუკეთესო იყო ქვეყანაში – გამარჯვება ყველა ტურნირზე, წარმატებები საერთაშორისო არენაზე. 2000 წელს, „მანქანა 87″-მა თავის ასაკობრივ ჯგუფში მოიგო არგენტინის ჩემპიონატი, თან უახლოეს მდევარს 20 ქულით გაუსწრო. როგორც მოგვიანებით ახალგაზრდულ გუნდში მესის პარტნიორი გონსალო მაცია იხსენებდა, როცა ლეო გუნდში იყო, მათ ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამი მატჩი წააგეს.

იმის გასაცნობიერებლად, რამდენად ძლიერი იყო მესი ბავშვობაში, საკმარისია ერთი ფაქტის მოყვანა. ადრიან კორიამ, რომელიც ლეოს „ნიუელსში“ ავარჯიშებდა, განაცხადა: „მან მინიმუმ 500 გოლი გაიტანა „ნიუელსში“. იმ მატჩების შემდეგ, რომლებშიც გოლი ვერ გაქონდა, მომდევნო თამაშში მინიმუმ სამი გოლი იყო მისი“.

2001 წლის თებერვალში, მესი საბოლოოდ გადავიდა ესპანეთში. ზრდის ჰორმონის დეფიციტი, „რეალში“ გადასვლის შესაძლებლობა და „ბარსელონაში” ტრანსფერი ცალკე ისტორიაა. „ნიუელსში“ მისი პარტნიორების დიდმა ნაწილმა ფეხბურთის თამაში დაასრულა, ვიღაცები პროფესიულ დონეზე თამაშობდნენ, როგორც, მაგალითად, გუსტავო როდასი, ლუკას სკალია და ლეანდრო დეპერტისი. ეს უკანასკნელი არანაკლებ ნიჭიერად მიიჩნეოდა, ვიდრე მესი და „მილანშიც“ აღმოჩნდა, მაგრამ იტალიაში ვერ ათამაშდა. „მანქანა 87“ დაიშალა, სამაგიეროდ, „ბარსელონაში“ გაჩნდა „ბავშვთა ოცნების გუნდი“ (Baby Dream Team) – სწორედ ასე უწოდებდნენ გუნდს, რომელშიც თამაშობდნენ ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი და ჟერარ პიკე.