„მეშახტე“ ბათუმის „დინამოსთან“ სათასო მატჩის გადადებას დათანხმდა - ჩვენთვის ქართული ფეხბურთის წარმატება უმნიშვნელოვანესია #1TVSPORT
„მეშახტე“ ბათუმის „დინამოსთან“ სათასო მატჩის გადადებას დათანხმდა - ჩვენთვის ქართული ფეხბურთის წარმატება უმნიშვნელოვანესია #1TVSPORT

ტყიბულის „მეშახტე“ ბათუმის „დინამოსთან“ სათასო მატჩის გადადებას დათანხმდა, – ინფორმაციას ტყიბულის „მეშახტეს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის „დინამოს“ რამდენიმე დღეში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტყიბულის „მეშახტეს“ ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ბათუმელთა თხოვნა და საქართველოს თასის მერვედფინალური შეხვედრის გარკვეული დროით გადადებაზე დათანხმდა“, – წერია ტყიბულის „მეშახტეს“ განცახდებაში.

კომენტარი გააკეთა „მეშახტეს“ პრეზიდენტმა ლევან ჯაფარიძემაც: „ჩვენთვის, როგორც კლუბისთვის და ყველა ტყიბულელი გულშემატკივრისათვის, ქართული ფეხბურთის წარმატება უმნიშვნელოვანესია. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ორ კლუბს და მათ გულშემატკივრებს შორის არსებობს მრავალწლიანი მეგობრობა. წარმატებებს ვუსურვებთ ბათუმის „დინამოს“ მონტენეგროში გასამართ მატჩში“.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრას ჩერნოგორიის „დეჩიჩთან“ 30 ივლისს გამართავს, ტყიბულის „მეშახტესთან“ მატჩი კი 27 ივლისს ამბროლაურში იყო დაგეგმილი.

„მეშახტეს“ პრესსამსახურის ცნობით, თასის მერვედფინალური შეხვედრა, კლუბებს შორის შეთანხმებით, ამბროლაურის ნაცვლად, ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.