მესამე ქართველი „შახტარში“ - ლუკა ლაცაბიძე დონეცკელებთან ერთად თურქეთში ემზადება #1TVSPORT
მესამე ქართველი „შახტარში“ - ლუკა ლაცაბიძე დონეცკელებთან ერთად თურქეთში ემზადება #1TVSPORT

როგორც ჩანს, ძალიან მალე დონეცკის „შახტარი“ კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ლუკა ლაცაბიძესთან გააფორმებს კონტრაქტს, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ua-football.com-ი ავრცელებს.

უკრაინულმა გამოცემამ „დინამო თბილისის“ მცველის, ლუკა ლაცაბიძის დონეცკის „შახტარში“ ტრანსფერის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ხმების დასტურად გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ჩანს, რომ ლაცაბიძე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე ვარჯიშობს.

ლუკა ლაცაბიძე ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ლაცაბიძის შვილია, რომელიც იყო ხაშურის „ივერიის“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, ზუგდიდის „ოდიშისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ერთი ხანობა კი პოლონეთის ექსტრაკლასაშიც გამოდიოდა.

2004 წლის 18 მარტს დაბადებული ლუკა ლაცაბიძე (სიმაღლე 193 სმ) თავიდან ხაშურის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, საიდანაც თბილისური კლუბის სელექციონერებმა 2013 წელს „დინამოს“ აკადემიაში მიიწვიეს.

მას შემდეგ ლუკა „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობს. თავიდან შემტევი ნახევარმცველი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც არანაკლებ წარმატებით თამაშობს.