მერებაშვილის შოუ პოლონეთში - გიორგიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში „პობესკიძეს“ მოგებაში დაეხმარა და რაც მთავარია, ისეთი გოლი გაიტანა, მინიმუმ ტურის საუკეთესოთა შორის რომ უნდა დასახელდეს.
პოლონეთის პირველი ლიგის მე-10 ტურში ბელსკო-ბიალაში „პოდბესკიძემ“ „რესოვიას“ უმასპინძლა. 36 წლის გამოცდილი ქართველი შემტევი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 74 წუთი ითამაშა, 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდის მოგებაში დიდი როლი შეასრულა.
„პოდბესკიძესთვის“ მატჩი ჩინებულად დაიწყო. გუნდი მე-2 წუთზე ხუან რომანმა დააწინაურა, მაგრამ მასპინძლები 31-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – არბიტრმა მოედნიდან კამილ ბილინსკი გააძევა. მეორე ტაიმი „რესოვიამ“ აგრესიულად დაიწყო, მაგრამ ქართველმა შემტევმა მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა. გიორგიმ მოედნის ცენტრიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან წაიღო, მცველს თავბრუ დაახვია და მოჭრილი დარტყმით კარის „ცხრიანი’“ შეარხია 2:0.
გიორგი მხოლოდ ამით არ გამოუჩენია თავი. პირველ ტაიმში მეკარესთან კამილ ბილინსკი დატოვა, მაგრამ მან შანსით არათუ ვერ ისარგებლა, მეკარეს ეუხეშა და გააგდეს. გოლის შემდეგ კი მერებაშვილმა კიდევ ერთი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
ანგარიში აღარ შეცვლილა, „პოდბესკიძემ“ 2:0 მოიგო და 10 ტურში დაგროვებული 18 ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდა. გიორგიმ კი 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.