მერებაშვილის გოლმა და საგოლე პასმა „ვისლას“ ვერ უშველა (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატი მშვენიერი პირადი შედეგით, მაგრამ სამწუხარო მარცხით დაიწყო.
ექსტრაკლასის 21-ე ტურში, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდმა, პლოცკის „ვისლამ“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, პოგონის „შჩეცინს“ უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით წააგო.
გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მეცხრე წუთზე მცველი ჩამოიტოვა და ანგარიში გახსნა. 72-ე წუთზე კი მისი მშვენიერი გადაცემით, კარის წინ მარტო დარჩენილმა იაკუბ რჟეჟნიჩაკმა პლოცკელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
თუმცა, ამის შემდეგ მასპინძლებს გაუგებარი რამ დაემართათ: ზუსტად ექვს წუთში სამი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ, 2:3 დამარცხდნენ.
21 ტურის შემდეგ, მერებაშვილის გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში 30 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, რაც პლოცკელებს საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრის იმედს უტოვებს.