პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის (ექსტრაკლასას) 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე დაასახელა – პლოცკის “ვისლას” შემტევი გიორგი მერებაშვილი და შჩეცინის “პოგონის” მცველი ლაშა დვალი.
ლიგის აუტსაიდერმა “პოგონმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, ამჯერად, გდინიას “არკას” 1:0 სძლია და “პიასტასთან” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და “Ekstraklasa.org”-ის ექსპერტების აზრით, საიმედო თამაშით შჩეცინელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
პლოცკის “ვისლა” ლიდერს, ვარშავის “ლეგიას” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მერებაშვილი პლოცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ. პირველი გოლი “ვისლას” ურუგვაელმა ნახევარმცველმა ნიკო ვარელამ მერებაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანა. მთლიანობაში გიორგიმ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და სიმბოლურში ადგილი დაიმსახურა.
“ეს შეხვედრა გუნდმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გამიკვირდა, რომ “ვისლადან” სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ მე მოვხვდი. ასეთ მეტოქესთან შეხვედრის შემდეგ ეს სასიამოვნო სიუპრიზი იყო. ლაშა დვალს ვულოცავ ამ აღიარებას – მიმაჩნია, რომ ის ექსტრაკლასაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია” – ამბობს 1 არხთან გიორგი მერებაშვილი.