„დაფეს „მერანში“ გადმოყვანა გვსურდა, მაგრამ ჩვენი გეგმები შეიცვალა“ – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თბილისის „მერანის“ დირექტორმა ირაკლი შენგელიამ.
ეროვნულ ლიგაში სეზონის შეჩერებიდან მცირე ხანში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის დებიუტანტი
„მერანი“ თბილისის „დინამოდან“ იჯარით არფანგ დაფეს იმატებდა, მაგრამ 28 წლის სენეგალელი თავდამსხმელის ტრანსფერი პანდემიამ შეაჩერა.
„დიახ, „დინამოსთან“ მოლაპარაკებულები ვიყავით და ეს ინფორმაცია მართალი იყო, მაგრამ დაფე „მერანში“ მაინც არ ითამაშებს – ამის მიზეზი პანდემიის შემდგომ წარმოქმნილი ფინანსური პრობლემებია, რომელმაც გვერდი არც ჩვენც აგვიარა. ამიტომ ეს ტრანსფერი ჩაიშალა“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „მერანის“ დირექტორმა.
არფანგ დაფე თბილისის „დინამოში“ 2019 წლის სექტემბერში ჩაირიცხა. მანამდე სენეგალელ ფეხბურთელს ორ ქართულ გუნდში უთამაშია – ფოთის „კოლხეთსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.