„მერანმა“ „რუსთავი“ ახალგაზრდებით დაამარცხა - მორიგი ახალწვეული მახარობლიძეა
„მერანმა“ „რუსთავი“ ახალგაზრდებით დაამარცხა - მორიგი ახალწვეული მახარობლიძეა

თბილისის „მერანმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი რუსთავში გამართა – ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითებულ „რუსთავს“ შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით სძლია.

ამ გამარჯვებაში დიდი როლი „მერანის“ ახალგაზრდა მოთამაშეეებმა ითამაშეს. ანგარიში ბექა გაბისკირიამ გახსნა და პირველი ნახევარი შენგელიას გუნდმა 0:1 მოიგო.

„მერანის“ ახალგაზრდებმა მასპინძლები მეორე ტაიმშიც არ დაინდეს. რუსთავის სათადარიგო მოედანზე ერთგვარი ბენეფისი გაბისკირიამ მოიწყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ჩიქოვანმა თოლორდავას ზუსტი პასი გოლად აქცია და თბილისელები ორი ბურთით დააწინაურა. „მერანი 2“-დან დაწინაურებული თოლორდავა საგოლე გადაცემას არ დასჯერდა და რუსთაველებს თავადაც გაუტანა. უგოლოდ მოედანი არც გამოცდილ დეისაძეს დაუტოვებია და საბოლოოდ მატჩი 1:5 დამთავრდა.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის „მერანი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 14 თებერვალს ერევნის „ლოკომოტივთან“ გამართავს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ თბილისის „მერანში“ ბიძინა მახარობლიძე ჩაირიცხა. 27 წლის ფეხბურთელი ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. ახალწვეულმა პირველად ახალი გუნდის ფორმა „რუსთავთან“ საკონტროლო შეხვედრაში მოირგო.