„მერანმა“ „დილასთან“ ქულები გაიყო და ბოლო ადგილს თავი დააღწია (ვიდეო)
ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის შეხვედრა გაიმართა – „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „მერანმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.
აუტსაიდერი „მერანისთვის“ ეს ქულა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „დილასთვის“ სასურველი შედეგი არ გახლდათ. გორელები ცდილობდნენ და საგოლე მომენტები შექნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს, ისევე როგორც „მერანმა“.
ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ბოლო წამზე გორელთა თავდამსხმელს, ეროვნული ლიგის ბომბარდირს, მიკოლა კოვტალიუკს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული იმდენად არაზუსტი გამოდგა, ბურთი სტადიონის ტერიტორიიდან შორს გადავარდა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.
14 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 24 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოსთან“ (26 ქულა) და „დინამო თბილისთან“ გასწრების (25 ქულა) შანსი ხელიდან გაუშვა. „მერანისთვის“ კი ეს ქულა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საჩხერის „ჩიხურას“ მსგავსად 6 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მონაცემებით მე-9 ადგილზე დაწინაურდა და კონკურენტი ბოლო ადგილზე დააქვეითა.
ტურის დარჩენილი შეხვედრა 28 ოქტომბერს თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება, სადაც „თელავი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. ორი გადადებული შეხვედრა კი 26 ნოემბერს გაიმართება – ქართულ კლასიკოში „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, ხოლო ბათუმის „დინამო“ – „ლოკომოტივს“.