„მერანმა“ ბრაზილიელი მცველი დაიმატა - მარტვილში კიდევ ერთ ლეგიონერს აკვირდებიან #1TVSPORT
მარტვილის „მერანმა“ ახალი მოთამაშე დაიმატა – ეროვნული ლიგა 2-ის გუნდის ერთ-ერთი ახალწვეული ბრაზილიელი ფელიპე სიედეკუმია.
21 წლის ტანმაღალი ბრაზილიელი (190 სმ) ამპლუით მცველია. გუნდის მიერ გავრცელებულ ცნობაში კონტრაქტის ხანგრძლივობა მითითებული არ არის. ფელიპე სიედეკუმი სამშობლოში კლუბ „ამერიკაში“ ირიცხებოდა, რომელიც ბრაზილიის პირველ დივიზიონში თამაშობს.
სიედეკუმი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა და „რუსთავის“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ამ გუნდში, ფაქტობრივად, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია – მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ისიც შეცვლაზე და მხოლოდ 11 წუთი.
ფელიპე სიედეკუმის გარდა, „მერანში“ კიდევ ერთ ლეგიონერს აკვირდებიან – მარტვილში ვარჯიშობს მოჰამედ სილა, მაგრამ მასთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა და ჩაირიცხება თუ არა გუნდში, მალე გაირკვევა.