„მერანის“ ფანების ფავორიტი ლატვიაში წავიდა
„მერანის“ ფანების ფავორიტი ლატვიაში წავიდა

ბენჟამინ ტეიდი კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. მარტვილის „მერანის“ საყრდენი ნახევარმცველი ამიერიდან ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მესამეადგილოსანი „ლიეპაიას“ ღირსებას დაიცავს.

ბენჟამინ ტეიდი „მერანში“ 2016 წელს ჩაირიცხა და გულშემატკივრებს თავი სტაბილური, კარგი თამაშით მალე შეაყვარა. ნიგერიელმა „მერანის“ მაისურით ფორმით ოთხი გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. ახლა კი ტეიდს „მერანთან“ კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

„მარტვილის „მერანს“ წარმატებები მინდა ვუსურვო. ამ გუნდში გატარებული ყოველი დღე კარგად გამახსენდება. დიდი მადლობა „მერანის“ ქომაგებს, მათგან ყოველთვის სითბოს და დაფასებას ვგრძნობდი. ისინი განსაკუთრებულები არიან“ – ამბობს ტეიდი.

ტეიდის 2017 წლის დეკემბერში კარიერის გაგრძელებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში, თბილისის „დინამოში“ სთავაზობდნენ – ნიგერიელის აგენტი და მარტვილური კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ზაფხულში კი მას ქუთაისის „ტორპედოც“ იწვევდა, მაგრამ ლატვიაში თამაში ამჯობინა.