მერაბ შარიქაძე - ურუგვაისთან გულშემატკივრებს ველოდებით და იმედია, სტადიონი გაივსება #1TVSPORT
ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე „დინამო არენაზე“ ურუვაისთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლევან მაისაშვილთან ერთად იმყოფებოდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მერაბ შარიქაძესთვის ურუგვაისთან მატჩი განსაკუთრებულია, რადგან ბორჯღალოსნებს მე-40-ედ უკაპიტნებს და ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდება.
„მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ, რაშიც დიდი როლი ითამაშა განახლებულმა ბაზამ, მოედნის შეცვლილმა საფარმა და გაუმჯობესებულმა პირობებმა. ამაყი ვარ, რომ ბორჯღალოსნებს მე-40 მატჩში ვუკაპიტნებ. ცოტა არ მჯერა კიდეც, თუმცა რამდენი ციფრიც ემატება ჩემს კაპიტნობას, იმდენად იზრდება პასუხისმგებლობაც. იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას თავს ბოლომდე გავართმევ.
ურუგვაიზე 2019 წლის თამაშით ნუ ვიმსჯელებთ. მაშინ მათ ფიჯისთან მოგების შემდეგ, სულ 4 დღე ჰქონდათ აღდგენისთვის, რაც ძალიან მცირე დროა და თან, არც შემადგენლობაში განუხორციელებიათ როტაცია. ეს არის გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, სხვანაირად ფიჯის ვერ მოუგებდა. გარდა ამისა, თამაშობენ ფანტასტიკურ ჩემპიონატს – ამერიკის სუპერთასს, რომელშიც „შავი ლომიც“ მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან რთული თამაშისთვის ვემზადებით.
პრემია თუ იქნება? (იცინის) ჩვენ ამაზე არც ვფიქრობთ. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, დიდი მოლოდინი გვაქვს გულშემატკივრისგან და იმედი გვაქვს ხვალ სტადიონი სავსე იქნება. თუ სტადიონი არ გაივსო, გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი არც ისე დიდი ყოფილა. არის 10 და 20- ლარიანი ბილეთები და იმედია, მინიმუმ ეს ადგილები ბოლომდე შეივსება“, – განაცხადა ბორჯღალოსნების კაპიტანმა.
საქართველო ურუგვაის ხვალ, 6 ნოემბერს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
ფოტო – საქართველოს რაგბის კავშირი