მერაბ შარიქაძე საფრანგეთთან მატჩისას მსაჯების ტენდენციურობაზე - ვფიქრობ, არბიტრი არასამართლიანად მოგვექცა #1TVSPORT
„მესმის, რომ პატარა გუნდი ვართ, მესმის, რომ უპირატესობას ფლობენ, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ საერთოდ არ დებთ ჯარიმას“, – ეს მერაბ შარიქაძის სიტყვებია მატჩის მთავარი არბიტრის, დეიმონ მერფის მიმართ საფრანგეთი-საქართველოს მატჩიდან. ბორჯღალოსნების კაპიტნის პროტესტს არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
მატჩის დასრულების შემდეგ შარიქაძემ ამ საკითხზე უფრო ვრცლად ისაუბრა:
„ასეთი სახის დაპირისპირებაში მსაჯს დიდი როლი აქვს და სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. ყველამ იცის, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასამართლიანად მოგვექცა.
გადახედეთ თამაშს კიდევ ერთხელ, დარწმუნებული ვარ, უამრავ ისეთ სიტუაციას ნახავთ, სადაც მან ფრანგები არ დააჯარიმა. ნახავთ, რომ ბევრი რამ არასწორად იყო განსჯილი, რაც ძალიან სამწუხაროა.
საფრანგეთთან თამაშის შესაძლებლობა მივიღეთ, რაც ხშირად არ გვაქვს, ბოლომდე დავიხარჯეთ მოედანზე და იმედი გაგვიცრუვდა, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ამდენი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
მინდა დავამატო – შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს ეს პრობლემა მომავალში გამოსწორდება“.
შარიქაძის კომენტარს არაერთი უცხოელის გამოხმაურება მოჰყვა, რაგბის ბევრმა მოყვარულმა აღნიშნა მსაჯთა ტენდენციურობა მეორე რანგის ქვეყნების მიმართ.
საეჭვო გადაწყვეტილებები უელსი-ფიჯის მატჩის დროსაც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით საქართველომ პირველი მატჩი გამართა და საფრანგეთთან ბორდოში 41:15 დამარცხდა. ჩვენი მომავალი მეტოქე კი ფიჯი იქნება, რომელმაც უელსთან 38:23 წააგო. ფიჯის 20 ნოემბერს დავუპირისპირდებით.
ფოტო: Midi Olipique
კომენტარები სოციალურ მედიაში: