მერაბ შარიქაძე - პირდაპირ ვიტყვი, რუსეთთან დამარცხებას, სიკვდილი მირჩევნია
გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეაფასა.
ბორჯღალოსნების კაპიტანმა ისაუბრა იმ ემოციებზე, რომელიც ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან თამაშს ახლავს.
მერაბ შარიქაძე: „ამ თამაშის პოზიტიურად შეფასება გამიჭირდება. ყველას უკეთესი თამაში გვინდოდა, მორაგბეებსაც, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. პასუხისმგებლობას ვიღებთ, თავს არ ვიმართლებთ და პასუხისმგებლობას არასოდეს არ გავურბივართ. ზედმეტად ვინერვიულეთ, ჩემი თამადობით. რატომ უნდა ინერვიულოს სპორტსმენმა? იმიტომ უნდა ინერვიულოს, რომ პირველ რიგში, ეროვნული ნაკრების მორაგბე ყოველთვის თამაშობს საქართველოსა და თითოეული მოქალაქის სახელით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ რუსეთთან არის ეს პასუხისმგებლობა გაათმაგებული. ყველასთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და თავისთავად ვნერვიულობთ, როცა ასეთი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ შევასრულოთ წარმატებით, იმედები არავის გავუცრუოთ. ხშირ შემთხვევაში ეს გადაჭარბებული ნერვიულობა ხელს უშლის სპორტსმენს. არიან, ალბათ, ერთეული სპორტსმენები, რომლებსაც ნერვიულობა ვერაფერს აკლებს. ჩვენ კი ვისწრაფვით ამისკენ, რომ ყველაზე მაგარი ინდივიდები ვიყოთ ნაკრებში, მაგრამ, სამწუხაროდ, წინ კიდევ გრძელი გზაა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ იყო თამაშში მომენტები, როცა შეგვეძლო გაგვეტეხა რუსეთი და დიდი ანგარიშით დაგვემარცხებინა, მაგრამ არ გამოვიდა. იყო ბევრი მომენტი, როცა ჩვენი შეცდომის გამო ბურთი დავკარგეთ, დავჯარიმდით, მსაჯის შეცდომის გამო ლელო არ ჩაითვალა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“.
მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ სპორტში ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ, პროგნოზების გაკეთება არ უყვარს ხოლმე. ბორჯღალოსნების კაპიტანმა მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ ჩატარებული მატჩი, სადაც შოტლანდიელებმა 39-წლიანი ნავსი გატეხეს და ინგლისის ნაკრები სტუმრად პირველად დაამარცხეს.
„როცა ვიცით, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა სპორტში შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით, ზუსტად ამიტომ ვნერვიულობთ რუსეთთან მატჩის დროს. ეს არის თამაში, რომლის წაგებასაც, პირდაპირ ვამბობ, მეც და ნებისმიერ მოთამაშეს სიკვდილი გვირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე, ოღონდ ეს თამაში არ წავაგო“.