მერაბ შარიქაძე: მამუკას შემდეგ გუნდის კაპიტნობა ძალიან რთულია (ვიდეო)
“მსოფლიო რაგბის” ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა მერაბ შარიქაძის მოკლე ინტერვიუ გააზიარა, რომელშიც ის “ბორჯღალოსნების” კაპიტნობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ შარიქაძემდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მამუკა გორგოძე კაპიტნობდა.
მერაბ შარიქაძე:
“ძალიან რთულია მამუკას შემდეგ გუნდის კაპიტნობა, წარმოუდგენლად რთული. მამუკა იმხელა მოთამაშე და იმხელა პიროვნებაა, რომ ძალიან მაღალი სტანდარტი დატოვა. იმედია, რომ ერთ დღეს მეც და ჩემს გარშემო მყოფი ხალხიც მამუკას დონემდე თუ არა, ახლოს მაინც მივალთ.”
მერაბ შარიქაძემ ის ემოციებიც გაიხსენა, რომელიც დაეუფლა როდესაც პირველად გაიგო, რომ გუნდის კაპიტნობა მას მიანდეს:
“ბელგიის თამაშის წინ მილტონ ჰეიგმა გუნდს გამოუცხადა, რომ მერაბ შარიქაძე გაგვიძღვებაო. აღსანიშნავია, რომ მეხმარებოდნენ ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები და ძალიან მეხმარებიან დღემდე. განსაკუთრებით მეხმარებოდა გიორგი ნემსაძე.”
“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ესპანეთის წინააღგმდეგ ჩაატარებს.