მერაბ ჯიქია - ფეხბურთის ქომაგი, რომლისთვისაც საქართველოს რადიო ცხოვრების მეგზურია #1TVSPORT
მერაბ ჯიქია - ფეხბურთის ქომაგი, რომლისთვისაც საქართველოს რადიო ცხოვრების მეგზურია #1TVSPORT

27 ივნისს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებ გუნდთა შორის გამართულ შეხვედრას ფეხბურთის ერთგული ქომაგი მერაბ ჯიქია ესწრებოდა.

ამბავი თითქოს არცთუ უჩვეულოა, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“…

მერაბ ჯიქია უსინათლოა, მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა. 10 წლის იყო, როდესაც თანატოლებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და უცებ მიხვდა, რომ გარკვევით ვერაფერი აღიქვა, თამაში შეწყვიტა და წლების შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც სამყაროს ვეღარც სათვალის დახმარებით ხედავდა.

მერაბ ჯიქია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინჟინერ-სინოპტიკოსად მუშაობდა.

ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და 27 ივნისის შეხვედრას მეგობართან, პაატა სხირტლაძესთან ერთად დაესწრო. მეგობარი კომენტატორის მსგავსად მას თამაშის პერიპეტიებზე ესაუბრებოდა და ეს კადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის გადაწყვეტილებით, მერაბ ჯიქია, ქალიშვილ ევასთან ერთად, რომელიც შვიდი წლის არის, გუნდის ბაზაზე მიიწვიეს, დაასაჩუქრეს-10 ნომრიანი მაისურით, გადასცეს მატჩზე დასასწრები ბილეთები და მორიგი გამარჯვების იმედად უთხრეს, რომ თუკი საქართველოს ნაკრები ჯერ – ნახევარფინალის და შემდეგ ფინალური მატჩის მონაწილე გახდება, მას აუცილებლად გადასცემენ შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს.

მერაბ ჯიქია საქართველოს რადიოს ერთგული მსმენელი და ქომაგია და როგორც თავად ამბობს, FM 102,3 მისი ცხოვრების მეგზურია.