მერაბ გიგაური - „აქტობესთან“ უნდა მოვიგოთ, რომ მეორე მატჩისთვის უპირატესობა გვქონდეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი მერაბ გიგაური, რომელიც „სარაევოსთან“ მატჩის დროს დაშავდა, გამოჯანმრთელდა და ყაზახურ „აქტობესთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდს დაეხმარება, – ამის შესახებ გამოცდილმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელთა კაპიტანმა სარაევოში გამართულ განმეორებით შეხვედრაში ბოსნიური გუნდის კარი 90-ე წუთზე აიღო, თამაში გადაარჩინა და გუნდს გამარჯვების შანსი დაუტოვა, თუმცა ის დამატებით დროში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.
„თამაშის შემდეგ ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ უკვე გამოვჯანმრთელდი. ორი დღეა, რაც ვარჯიში განვაახლე და უნდა ვითამაშო. გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი დღე არ ვყოფილვარ, ეს უფრო სტივ კინის გადაწყევტილება იყო, რომელმაც დასვენება სიფრთხილის გამო მირჩია.
ბოსნიაში ჩატარებულ შეხვედრაში ყველას დავუმტკიცეთ, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვართ. „აქტობე“ ძლიერი მოწინააღმდეგეა, შესაძლოა, „სარაევოზე“ უკეთესიც, თუმცა ჩვენც არ ვართ უიმედოდ. ჩემი აზრითაც, შანსები თანაბარია.
„აქტობეს“ 2012 წელსაც ვეთამაშეთ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამ მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. მიზანი გამარჯვებაა, რათა განმეორებითი მატჩისთვის უპირატესობა გვქონდეს“, – ამბობს მერაბ გიგაური.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს, „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.