მერაბ გიგაური - ახალ სეზონში „ტორპედო“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა მერაბ გიგაურმა ახალ სეზონზე, მიზნებსა და სხვა თემებზე ისაუბრა.
„გასულ სეზონს დადებითად ვაფასებ, რადგან პირველი ორი წრის შემდეგ მესამეადგილოსანს 16 ქულით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ საბოლოოდ, ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად და მიზნის მისაღწევად მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ყველაფერი გავაკეთეთ და მესამე ადგილი დავიკავეთ. სტივ კინი უპირველესად, ძალიან კარგი ადამიანია. მინდორს მიღმა ძალიან მეგობრულია და ყველაფერს გვიგებს, საქმეში კი ძალიან მომთხოვნია.
ძალიან სასიამვნოა, როდესაც ასეთ გუნდის კაპიტანი ხდები. ემოციებს ვერ ვმალავდი, როდესაც ეს მითხრეს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს ღირსეულად ვუკაპიტნო. კონფერენსლიგაზე „სარაევოსთან“ გადამწყვეტი გოლი, რომლითაც შემდეგ ეტაპზე გავედით, ძალიან დიდი ემოცია იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
გოლის აღნიშვნისას ჟესტით გავაჩუმე ბოსნიელი გულშემატკივრები, „სარაევოს“ გულშემატკივრები ზემოდან გვიყურებდნენ და 1000-პროცენტით დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემდეგ ეტაპზე მათი გუნდი გავიდოდა, მაგრამ ერთსულოვნებით ეს ჩვენ მოვახერხეთ.
ახალ სეზონში „ტორპედოს“ დიდი მიზნები გვექნება. შევეცდებით, რომ ჩემპიონები გავხდეთ, საამისოდ კი თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანი თამაშები გველის კონფერენსლიგაზე. გასულ ევროსეზონში კარგი გამოცდილება მივიღეთ, ეს დაგვეხმარება, რომ გასულ სეზონში „აქტობესთან“ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
გუნდში ყველანაირ პირობას ქმნიან, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ თავი ფეხბურთელად იგრძნო. მაგალითად, გუნდის ბაზაზე სავარჯიშო მოედანს ცვლიან და ზოგადად, პირობებს აუმჯობესებენ. „ტორპედოს“ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით“, – ამბობს მერაბ გიგაური.