UFC-ის მოსკოვის ისტორიულ ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილი ტერიონ ვეარს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მოსკოვში მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება და პირველი ბრძოლა სწორედ ქართველი მებრძოლის მონაწილეობით შედგა.
დვალიშვილის მეტოქე გამოცდილი 32 წლის სპორტსმენი იყო, რომელსაც კარიერაში 17 გამარჯვება და 8 მარცხი ჰქონდა.
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელ მებრძოლთან პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა. გრძელ ხელება მეტოქეს ფეხზე დგომის და დარტყმების გაცვლის საშუალება არ მისცა და ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა, სადაც ქართველი აშკარად დომინირებდა. ანალოგიური სცენარით წარიმართა დარჩენილი ორი რაუნდიც და დვალიშვილმა მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლის შემდგომი ინტერვიუს დროს მერაბმა საქართველოს დროშა ააფრიალა და საკუთარ გულშემატკივარს ქართულად მიმართა.
„საქართველო, ძალიან მიყვარხარ. მადლობა გულშემატკივრობისთვის“ – განაცხადა მან.