მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ წონები წარმატებით ჩააბარეს #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველების ბრძოლები ახლოვდება. 18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდება, ხოლო ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის – ალექსანდრ ვოლკანოვსკის.
ქართველმა მებრძოლებმა ღონისძიებამდე წონები ოფიციალურად ჩააბარეს. მერაბ დვალიშვილმა 135 ფუნტი (61.2 კგ) დააფიქსირა, ილია თოფურიამ კი – 144.5 ფუნტი (65 კგ). წარმატებით ჩააბარეს წონები მათმა მეტოქეებმაც.
ილია თოფურია MMA-ის კარიერაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მან 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 26-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, თუმცა UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ მარცხი არ აქვს და ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში 20 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 16 მოიგო, ხოლო მისმა მეტოქემ, UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ 16-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ წააგო.
UFC 298-ის მთავარი ღონისძიება ქალაქ ანაჰეიმში გაიმართება და 18 თებერვალს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.